დრო, დროის ერთეულები
- მარიამ გოგიძე
- Feb 1, 2023
- 1 min read
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს დროის გაზომვა ისევე სჭირდება, როგორც სხვა სიდიდეებისა, მაგალითად, სიგრძის, სიგანის, მასისა და სხვ.
დროის საზომი ძირითადი ერთეულებია დღე-ღამე და წელიწადი.
დღე-ღამე დაახლოებით ის დროა, რომლის განმავლობაში დედამიწა ერთხელ შემობრუნდება თავის ღერძის გარშემო.
წელიწადი კი დაახლოებით ის დროა, რომლის განმავლობაშიც დედამიწა ერთხელ შემობრუნდება მზის გარშემო.
ხშირად ვხმარობთ, აგრეთვე, დროის სხვა საზომ ერთეულებსაც, რომლებიც ძირითადი ერთეულებისაგან მიიღება. მაგალითად, 100 წელიწადი შეადგენს ერთ საუკუნეს. საუკუნეობით იზომება დროის დიდი შუალედები.
წელიწადში 12 თვეა. თვეში 30 ან 31 დღე-ღამეა, გარდა თებერვლისა: თებერვალში 28 ან 29 დღე-ღამეა.
წელიწადი ორგვარია - მარტივი და ნაკიანი. როდესაც თებერვალში 28 დღეა, მაშინ წელიწადში 365 დღეა, ასეთ წელიწადს მარტივი ეწოდება. თუ თებერვალში 29 დღეა, მაშინ წელიწადში 366 დღეა, ასეთ წელიწადს ნაკიანი ეწოდება. ყოველ ოთხ წელიწადში ერთი წელიწადი ნაკიანი, სამი კი - მარტივი.
საუკუნე = 100 წელიწადი
წელიწადი = 12 თვე
დღე-ღამე = 24 საათი
საათი = 60 წუთი
წუთი = 60 წამი
დროის საზომ ერთეულებს ასე აღვნიშნავთ:
წელიწადი - წ
თვე - თვ
დღე-ღამე - დღ
საათი - სთ
წუთი - წთ
წამი - წმ
! ეს საზომი ერთეულები რიცხვებთან იწერება წერტილის გარეშე.
დროის საზომ ერთეულად ვხმარობთ, აგრეთვე, კვირას. კვირაში 7 დღეა. თვეში ანგარიშობენ 4 კვირას, თუმცა 4 კვირაზე მეტია.
წელიწადში 4 დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, თითოეული სამ-სამი თვეა. ამის მიხედვით წელიწადს ყოფენ 4 კვარტლად.
ბარბარე მუკბანიანი