თამაზ ვაშაყმაძე
თამაზ სერგოს-ძე ვაშაყმაძე დაიბადა 1937 წლის 16 სექტემბერს ქალაქ თბილისში პედაგოგ სერგო ვაშაყმაძისა და ანა დვალიშვილის ოჯახში. 1954 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეშვიდე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ 1959 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი შალვა მიქელაძე. 1962 წელს თამაზ ვაშაყმაძემ მუშაობა დაიწყო ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, სადაც 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გამოთვლით მათემატიკაში. 1984 წელს შედგა მისი სადოქტორო დისერტაციის წინასწარი დაცვა ლომონოსოვის უნივერსიტეტში, ოფიციალური კი 1987 წელს მათემემატიკის ინსტიტუტში.
1968 წელს გადავიდა ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომელად, 1973 წლიდან იყო განყოფილების გამგე, ხოლო 2009 წლიდან არის რიცხვითი მეთოდებისა და მათემატიკური მოდელირების მიმართულების ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იგი 1988-2006 წლებში იყო თსუ-ს გამოყნებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, 2006-2009 წლებში სრული პროფესორი, ხოლო 2009 წლიდან ემერიტუს-პროფესორი და მიწვეული პროფესორი.
თამაზ ვაშაყმაძე არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 9 მონოგრაფიის ავტორი. მან აღზარდა მრავალი მეცნიერი, რომელთაგან ზოგიერთი ნაყოფიერად მუშაობდა და ახლაც მუშაობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. თამაზ ვაშაყმაძე მონაწილეობდა 180-ზე მეტ საერთაშორისო და რესპუბლიკური მნიშვნელობის კონფერენციისა და სხვადასხვა სახის სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში, სადაც წაკითხული აქვს 130-ზე მეტი სექციური ხასიათის და 30-მდე პლენარული მოხსენება. იგი არაერთხელ იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად და ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.